ოცნებების ასრულება ”პროფილში”

პრეზიდენტი ბავშვებთან

უპატრონო ბავშვები სტუმრად ”პროფილში” მაია ასათიანთან

Wednesday, June 30, 2010

ინტერვიუ დეკანოზ გრიგოლ აბულაძესთან

უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ზესტაფონში უკვე რამდენიმე წელია ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა პანსიონი ფუნქციონირებს, რომელსაც სათავეში უდგას დეკანოზი გრიგოლ აბულაძე. ჩვენ გავესაუბრეთ მამა გრიგოლს, რომელმაც პანსიონის შესახებ მოგვითხრო:

- მამაო, როგორ გაჩნდა ბავშვთა სახლის დაარსების იდეა და როგორი იყო თქვენი თავდაპირველი ნაბიჯები?

- სანამ ზესტაფონში გადავიდოდი, ჯერ ხულოში, ხოლო შემდეგ კახეთში - ხირსისა და ბოდბის მონასტრებში ვმსახურობდი. იქვე იყო სასულიერო სასწავლებელიც. 1994 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მაკურთხა, გადავსულიყავი ზესტაფონში, რათა დაარსებულიყო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაღი. ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვეთ დახმარება და მათაც არ გაგვირთულეს ქალაქის ორი საბავშვო ბაღის გადმოცემა. ჩვენს მისვლამდე ამ საბავშვო ბაღებში ბავშვების რაოდენობა მეტად მცირე იყო. სულ ორმოცი ბავშვი დადიოდა, მას შემდეგ კი, რაც ეს ბაღები საპატრიარქოს გადმოეცა, მათი რიცხვი თითქმის ოთხასამდე ავიდა. 1997 წელს ქალაქის ხელისუფლებამ გვთხოვა, მიგვეღო მშობლებისაგან მიტოვებული შვიდი და-ძმა ცამეტშვილიანი ოჯახიდან. ბავშვები ქუჩაში იყვნენ დარჩენილნი, რადგან მამა გაულოთდათ, დედამ კი შვილები მიატოვა. პატარა ბავშვები ქუჩაში მათხოვრობდნენ, მათ შორის ყველაზე პატარა სამი წლის იყო. ზესტაფონელები ყვებოდნენ, რომ ხშირად დაუნახავთ, ნაგავში რაღაც რომ ფუთფუთებდა და უეცრად ეს პატარა ბავშვი ამოყოფდა ხოლმე თავს. ეს რომ გავიგეთ, მაშინვე მოვიყვანეთ ისინი და უწმიდესის ლოცვა-კურთხევით შევიფარეთ, ასევე ადგილობრივმა მიტროპოლიტმა, მეუფე კონსტანტინემაც გვაკურთხა. სწორედ ამ დღიდან 1997 წლის 25 თებერვლიდან დაარსდა წმიდა ბარბარეს ბავშვთა პანსიონი. ერთი ბაღიც წმიდა ბარბარეს სახელობისაა, მეორე კი - წმიდა ეკატერინესი. როგორც კი ზესტაფონში გაიგეს, რომ უპატრონო ბავშვები შევიფარეთ, რამდენიმე ბავშვი კიდევ მოგვიყვანეს. ამგვარად გაიზარდა ბავშვთა რაოდენობა და დღეს ჩვენთან უკვე ასორმოცდაათზე მეტი ბავშვია. მათ შორის ყველაზე პატარა რამდენიმე კვირისაა.

- ბავშვები რა გზით ხვდებიან თქვენს პანსიონში? მშობლებს მოჰყავთ თუ უფრო ხშირად ქუჩიდან ხდება მათი აყვანა?

ზოგჯერ სამშობიაროდან გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ბავშვი დატოვეს და გვთხოვენ, ავიყვანოთ. დაახლოებით სამოცამდე ბავშვი მოიყვანეს ჩვენთან, მოჰყავს პოლიციასაც. მაგალითად პოლიციამ მოიყვანა ერთი ბავშვი, რომელის სულ ძაღლებს ჰყავდა დაკბენილი. ის, რა თქმა უნდა, მაშინვე შევიფარეთ. ბავშვები მეზობლებსაც მოჰყავთ. მოჰყავთ ასევე მშობლებსაც. თუ ერთ-ერთი მშობელი გარდაიცვლება ან ერთმანეთს დაცილდებიან და სურთ, ბავშვი დატოვონ, ჩვენ უარს არ ვეუბნებით, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეიძლება ის ქუჩაში დარჩეს. იყო შემთხვევები, როცა ბავშვი გაყიდეს და დაბავრუნეთ.

- რა გზით ღებულობთ ასეთ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას?

- მაგალითად, ერთხელ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ერთი ბავშვი დედამ თბილისში გაყიდა. მას ორი პატარა ბავშვი ჰყავდა: ორი წლის და რამდენიმე თვის. ქმარმა სახლიდან გამოუშვა, დედამისი თურქეთში წავიდა, დეიდას მიაკითხა და იმანაც გამოაგდო. მაშინ ორი ბავშვის პატრონი მეზობლის მდგმურმა შეიფარა და ბოროტი რჩევა მისცა: ბავშვი გაყიდე და ამ ფულით სახლი იყიდეო. მან უმცროსი გაყიდა. „ბედ“ ასი ლარი აუღია. პატარა ბავშვი რომ წაიყვანეს, მისმა ძმამ, ორი წლის ბავშვმა გიორგიმ, რომელიც წელსქვემოთ მოწყვეტილი ინვალიდი იყო, წივილ-კივილი ატეხა: „ჩემი ნიკა მინდა, ჩემი ნიკა მინდაო“. ასე შეყარა მეზობლები. როგორც კი გაიგეს, რომ დედას შვილი გაუყიდია, ისინი მაშინვე ჩვენ დაგვიკავშირდნენ და ბავშვი უკან დავაბრუნებინეთ. „ბე“ ეკლესიამ გადაიხადა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პატარა გიორგი წელსქვემოთ პარალიზებული იყო. მოვნათლეთ და ფეხზე გაიარა. სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერი ბავშვია. ორივე ძმა ჩვენ წამოვიყვანეთ და ჩვენს პანსიონში იზრდებიან. კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა: დედას, რომელიც ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდა, ბავშვი თურქეთში გადაჰყავდა. ჩვენ არ გავატანეთ. მერე ტელევიზიაში გვიჩივლა, შვილს არ მატანენო. მაშინ ტელევიზიას ვთხოვეთ, საზოგადოებისთვის ეს ქალი ეჩვენებინათ. გადაცემის შემდეგ ნახევარი იმერეთი გვირეკავდა, მაგას რომ ბავშვი გაატანოთ, თქვენთან აღარასოდეს მოვალთო. ყველა მიხვდა, რაშიც იყო საქმე.

- თქვენი პანსიონიდან შესაძლებელია თუ არა ბავშვის გაშვილება?

- რამდენიმე მიზეზის გამო ეს შეუძლებელია. თითქმის ყველა ბავშვს ჰყავს ნათესავი და მისი თანხმობა აუცილებელია. იგი აუცილებლად მოითხოვს ფულს და მოხდება კრიმინალი, ამიტომ ბავშვების გაშვილებისგან თავს ვიკავებთ.

- ბავშვების მოვლა-პატრონობა არც ისე იოლი საქმეა. თქვენს პანსიონში ბევრი აღმზრდელი იქნება დასაქმებული.

- ჩვენთან სამი კატეგორიის ბავშვები არიან. ერთნი, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, არიან სკოლამდელი ასაკის ბავშვები, ბაღში რომ დადიან და არიან ჩვილებიც, რომლებიც პირდაპირ სამშობიაროდან მოხვდნენ ჩვენთან. ბავშვებს ბევრი მომვლელი სჭირდებათ, განსაკუთრებით ჩვილებს. დღე-ღამის განმავლობაში მათ სამ-სამი მომვლელი სჭირდებათ, ამიტომ მხოლოდ ერთ ჯგუფში 52 საშტატო ერთეულია. გარდა ამისა, გვყავს სამი ექიმი, ექთნები. გიმნაზიას თავისი პედაგოგებიც ჰყავს. ხარჯი დიდია, მაგრამ ამაზე უკეთესი საქმე რა უნდა გაკეთდეს? ეს ბავშვები რომ არ შეგვეფარებინა, ვინ იცის, სად მოხვდებოდნენ. თქვენთვის კარგად არის ცნობილი ტრეფიკინგის საფრთხე. ერთია, როცა ვიღაცას მართლაც უნდა, რომ ბავშვი იშვილოს, თუმცა ესეც საცოდაობაა - ქართველი, მართლმადიდებელი მშობლების ბავშვი სხვა აღმსარებლობის გარემოში რატომ უნდა გაიზარდოს? სხვა საფრთხეცაა: ბავშვები უცხოეთში გადაჰყავთ და დონორებად იყენებენ. მესამე, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც არის, როცა სატანისტები ბავშვებს ოკულტურ რიტუალებში მონაწილეობის მისაღებაც იყენებენ. ფაქტიურად, ეს ბავშვები ეკლესიას რომ არ შეეფარებინა, არავინ იცის, როგორი ბედი ეწეოდათ. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ უპატრონო ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაული ბევრად უფრო მეტი დაუნდობლობითა და სისასტიკით გამოირჩევა. ეს ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ქალბატონმაც აღნიშნა შეხვედრაზე, რომელიც უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-თან გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებიც ობოლ და მიუსაფარ ბავშვებით არიან დაინტერესებულნი. ამ ქალბატონმა ისეთი საოცარი რამ მოგვითხრო, რომ კინაღამ ყველანი ავტირდით. მაგალითად, ჩვეულებრივი ძარცვისას მსხვერპლს ხელიდან გამოგლეჯენ ჩანთას და გარბიან, ხოლო როცა დანაშაულს მიუსაფარი ბავშვი ჩადის, იგი ჯერ ცივი იარაღით დაჭრის მსხვერპლს და მხოლოდ შემდეგ ძარცვავს. უპატრონო ბავშვებში, აგრეთვე, საშინელი პროსტიტუციაა გავრცელებული. ამიტომ მიმაჩნია, რომ საპატრიარქოსთან არსებული ობოლო და უპატრონო ბავშვების სახლები კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმში უკვე გაიხსნა უბრწყინვალესი ბავშვთა სახლი, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ქარელშიც ფუნქციონირებს ასეთივე თავშესაფარი, არის ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში... ასეულობით პატარა ბავშვი გამოვგლიჯეთ იმ სამყაროს, სადაც ბოროტი თარეშობს. იგი ხომ, პირველ რიგში, ბავშვებზე ნადირობს. როგორც ამ ბოლო დროს ხშირად ვრწმუნდებით, მთელი სატანური ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული, იქნება ეს ზოგიერთი ანიმაციური თუ მხატვრული ფილმი, წიგნი. მაგალითად, ბავშვებს დაურიგეს ჩანთები, რომლებსაც ჰარი პოტერი ახატია.

- როგორია ბავშვების განწყობა ეკლესიის მიმართ? თავს როგორ გრძნობენ თქვენი თავშესაფრის ბინადარი ბავშვები?

- ყველანი ოცნებობენ, რომ მღვდლები გამოვიდნენ. ვერც კი შეადარებთ საერო ბავშვთა სახლების მკვიდრ ბავშვებს. ჩვენთან ბევრი სტუმარი მოდის და ყველა ერთხმად აღნიშნავს: იქ ბავშვების თვალებში მაინც ბოროტმოქმედია ჩამალულიო. ეს იმიტომ ხდება, რომ იქ არ აქვთ იარაღი იმისათვის, რომ ეშმაკისგან ჩაღვრილი ბოროტი თესლი ამოძირკვონ. ეს იარაღი ხშირი აღსარება და ზიარება ა. სტუმრები გვეუბნებიან: თქვენთან რომ მოვდივართ და ბავშვებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ დაწმენდილი, მოსიყვარულე სახეები, ანთებული თვალები აქვთ. მათში შინაგანი სიხარული იგრძნობაო. ეს ჩვენგან კი არ არის, არამედ მაცხოვრისგან მოდის. ხშირი ზიარებითა და აღსარებით ბავშვს ბოროტი გენი სცილდება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მეტი ბავშვთა სახლი გაიხსნება ეპარქიებში, უფალი უფრო დაგვიმადლებს და ეკლესიას უფრო მეტის გაკეთების საშუალება ექნება. ერთ მაგალითს გეტყვით: საბავშვო ბაღები რომ გვქონდა, რა თქმა უნდა, გარკვეული დაფინანსებაც იყო: უწმიდესის ლოცვა-კურთხევით ხელისუფლებაც გვეხმარებოდა. მაგრამ როცა ეს უპატრონო ბავშვთა სახლი შეიქმნა, ისე უყვარს უფალს ობლები, რომ ამ ბავშვების, ამ ობლების მადლითა და ლოცვით ჩვენთან ხანდახან დღეში 300-400 კაცი იკვებება. ხანდახან მეტიც. არ ყოფილა შემთხვევა, საჭმელი გამოგვლეოდეს. თანაც მეტად გემრიელი კერძები კეთდება. ბავშვებს ხომ ჩვეულებრივი საბავშვო ბაღის ულუფას ვერ მისცემ?! ისინი მთელ დღეს აქ ატარებენ და ჩვეულებრივი სახლის საჭმელი სჭირდებათ: ხორცი, ყველი, რძე, კარაქი. მათ პირობებიც უკეთესი უნდა ჰქონდეთ, ამიტომ ჩვენ მთელი პანსიონი გავარემონტეთ. ბავშვებისათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად საკმაოდ ბევრი თანხაა საჭირო, მაგრამ რაც მეტი იქნება ასეთი ბავშვთა სახლები ეპარქიებში, მით უფრო მეტ მადლს მოგვცემს უფალი. ფინანსური საშუალებაც მეტი მოგვეცემა, რადგან სიმდიდრე უფალს ეკუთვნის, ვისაც უნდა, იმას მისცემს. ამ ბავშვების მადლით ზესტაფონში უკვე ორი - წმიდა გიორგის და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. მიდიოდნენ ეს ბავშვები, ლოცულობდნენ, პარაკლისებს ატარებდნენ და ეს ტაძრები ისე აშენდა, არ გაგვიგია. კათოლიკოს-პატრიარქი რამდენჯერმე ბრძანდებოდა ჩვენთან, ნახა ბავშვები, მოეფერა და დაასაჩუქრა. მათ დღესასწაულად ახსოვთ უწმიდესის რამდენიმე ჩამობრძანება. ისინიც ჩამოგვყავს ხოლმე თბილისში. მათთვის ზეიმია უწმიდესთან ყოფნა. პატრიარქი სულ ეფერება მათ და ასაჩუქრებს ხოლმე. დიდ დახმარებას გვიწევს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი, ქალბატონი ცისანა შარტავა. ბავშვს ფრჩხილი რომ წამოსტკივდება, მაშინვე მას ვურეკავთ და ყველანი დარაზმულები არიან. რამდენიმე ბავშვს ოპერაციაც გავუკეთეთ.

ეს ბავშვები ჩვენი მომავალია. როცა ბავშვი ზნეობრივ გარემოში გაიზრდება, იგი უკვე აღარ იქნება ცუდ გზაზე და შეიძლება მისგან მაღალი დონის სასულიერო პირი ან ხელისუფლების წარმომადგენელიც კი გამოვიდეს. ბავშვები ჩვენთან თავიდანვე ეჩვევიან შრომას. დიდი მეურნეობა გადმოგვცეს და ისინი უკვე ფიზიკურად არიან დასაქმებულები, შრომას სწავლობენ: ხელსაქმეს, ქარგვას. გვაქვს ქართული ხალხური სიმღერების გუნდი და ა.შ.

- პანსიონში ალბათ გარკვეული ასაკობრივი ზღვარიც არსებობს; მისი დამთავრების შემდეგ რა პერსპექტივა აქვთ ამ ბავშვებს? ისინი ხომ პირდაპირ შეეჭიდებიან ცხოვრებას, რომელიც არც ისე იოლი იქნება. ეკლესია მათ მომავალში დასაქმებას ხომ არ სთავაზობს?

- ყველაზე უფროსი ჩვენთან 17 წლისაა. პანსიონს რომ ამთავრებენ, ზოგიერთები ჩვენთან რჩებიან აღმზრდელებად. მაგალითად, ორ გოგონას, რომლებიც ჩვენ გავზარდეთ, ჩვენთანვე ვაწყებინებთ მუშაობას. შეიძლება, ასეთი კადრი სხვაგან ვერც კი ვიშოვოთ. ისინი ხომ ეკლესიაში გაიზარდნენ. მათთვის ეკლესია სახლია, მშობლიური სახლი. მრავალი წელია აქ ცხოვრობენ და მთელი თავისი ცნობიერებით ეკლესიური ადამიანები არიან.

- მამა გრიგოლ, რამდენიმე სიტყვით მომავლის პერსპექტივებზე ხომ არ ისაუბრებდით?

- მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II უდიდესი ღვაწლი გასწია ჯავახეთისათვის. მისი კურთხევით, დღე-დღეზე გადმოგვეცემა ნინოწმიდის ქართული სკოლა. დავიწყეთ რემონტიც. ჩვენი ბავშვების ნაწილი იქ გადავა და მათ სხვა ბავშვებიც შემოუერთდებიან. უკვე ორი თვეა, საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავდივართ ნინოწმიდაში. სკოლაში მოვაწყვეთ წმიდა ნინოს ეკლესია, სადაც უკვე მიმდინარეობს წირვა-ლოცვები. ამჯერად მიდის რესტავრაცია. ჩვენი სურვილია, ნინოწმიდის სკოლა საჩვენებელი ბავშვთა სახლი გახდეს. ამით ჯავახეთში ქართული სკოლა გაძლიერდება. ადრე იქ მხოლოდ 4 ბავშვი სწავლობდა. ფაქტიურად, ქართველ მშობლებს ბავშვები უკვე რუსულ სკოლებში შეჰყავდათ. ჩვენი ჩასვლით მთელი რეგიონი გახარებულია. დღე-დღეზე დამთავრდება რემონტი და ეს სკოლა სამეცადინოდ დაახლოებით 80 ბავშვს დაიტევს. ნინოწმიდაში ჩვენ უკვე რამდენჯერმე ჩავიყვანეთ ჩვენი პანსიონის ბავშვები, რამდენიმე დღით ნინოობასაც დავრჩით. როგორც დაგეგმილია, ჯავახეთში გაიხსნება ბავშვთა სკოლა-პანსიონი, რომელშიც ადგილობრივი ბავშვებიც ისწავლიან და ჩვენი ბავშვებიც. შესაძლოა სხვა რეგიონების პანსიონებიდანაც შემოგვემატონ.

- ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან რას ეტყოდით საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბავშვებს?

- ყველას დავლოცავდი, ვინც საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში იზრდება. ისინი ეკლესიის შვილები არიან, ამიტომ მთელი ეკლესიური ცხოვრების სისავსით ცხოვრობენ. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ბავშვები ძალიან დიდი მოქალაქეები, საქართველოს ეკლესიის ღირსეული შვილები გამოვიდნენ.

სამწუხაროდ, დღეს რთული პროცესები მიმდინარეობს. ზოგიერთებს წარმოუდგენიათ, თითქოს კარგი მოქალაქეობა სხვა იყოს და ეკლესიურობა - სხვა. იმასაც კი ამბობენ: გვეყოფა ეკლესიების მშენებლობა, ახლა კარგი საზოგადოება უნდა ავაშენოთო. ასეთი ლაპარაკი ხომ დიდი შეცდომაა. ყველაზე კარგი საზოგადოება ისაა, სადაც ხალხი მაცხოვრის მცნებას ასრულებს: არ გაუკეთო სხვას ის, რასაც საკუთარ თავს არ გაუკეთებ. ასეთი საზოგადოება კი მარტო მართლმადიდებელი ეკლესიაა. გავიხსენოთ, როგორები გამოვიდნენ ეკლესიის წიაღში გაზრდილი ბავშვები. განა თამარ მეფე ეკლესიაში არ გაიზარდა, დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული... ჩვენი დიდი წინაპრები ხომ სწორედ იმიტომ იყვნენ ასეთი დიდები, რომ ეკლესიური ცნობიერებით იზრდებოდნენ. სწორედ ამიტომ მოვედით აქამდე. ისიც გავიხსენოთ, როგორი თაობა გაიზარდა მას შემდეგ, როცა გარკვეული ძალა ეკლესიას დაუპირისპირდა და მთელი განათლების სისტემა წაართვა?! რა ლექსები მოსწონდათ მაშინ: „ო, როგორ მიყვარს ქარხანა, ჭანჭიკები და ქანჩები, შვებულებაში არ წავალ, მე ჩემს დაზგასთან დავრჩები“. განა ასეთი საზოგადოების აშენების სურვილი აქვს ვინმეს? ან კიდევ: „მივახრჩობ დედას, დავხვრეტ მამას, თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას“? ეკლესიიდან დაცილებული საზოგადოება აქამდე მივა! ჭეშმარიტი საზოგადოება გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპებზე დაფუძნებულ და ეკლესიაში გაზრდილი ადამიანების საზოგადოებას. თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მიმდინარეობს ზნეობრივი ღირებულებების ნიველირება და შედეგად მასობრივ გახრწნილებას ვღებულობთ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველო ამ გზას დაადგეს.

პირველ ყოვლისა, ჩვენი პანსიონის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II იმ საოცარი მზრუნველობისა და ამაგისათვის, რომელსაც იჩენს მთელი საქართველოსთვის. ჩვენ, ბოლო ორი თაობა, ხომ მისი შვილები ვართ. ღმერთა ქნას, რომ მთელი ივერია, მთელი საქართველო უწმიდესთან იყოს. როცა მთელი ივერია დაუჯერებს პატრიარქს, მაშინ გადარჩება, მაშინ აღდგება ჩვენი დიდი სახელმწიფო და მაშინ გახდება ქართველი ისეთი, როგორიც იყო ისტორიულად. ღმერთმა ვინც დაადგინა, იმას უნდა უსმინო. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი პატრიარქი უდიდესი მამაა, როგორც მოსე იყო ებრაელებისათვის. რადგან პატრიარქი ერის მამაა, მასზე ცუდის გაფიქრებაც კი ძალიან საშიშია, საშიშია თავად იმ ადამიანისათვის, ვინც ცუდს ფიქრობს, ვინაიდან ასეთი ფიქრიც კი არ რჩება დაუსჯელი. საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ილია II ერთადერთი პატრიარქია მსოფლიო ისტორიაში, რომელმაც თავისი წმიდა სინოდის ყველა ეპისკოპოსი თვითონ აკურთხა. ივერიის ეკლესია მაცხოვრის კვართის ეკლესიაა, კვართი კი განუყოფლობის სიმბოლოა. წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს, რომ იმ ქვეყნის ეკლესიას სადაც მაცხოვრის კვართი განისვენებს, მეორედ მოსვლამდე მინიჭებული აქვს ერთიანობის ძალა. ამიტომ ვინც საქართველოს ეკლესიას და მის პატარიარქს ებრძვის, მათ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი.

როგორც ჩვენი ეკლესიის წევრმა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს გაზეთს, ვინაიდან ეს ჩემი ყველაზე საყვარელი გაზეთია. ერთადერთი თხოვნა მაქვს თქვენთან - როცა გაზეთს ვკითხულობ, უცებ მთავრდება ხოლმე. კიდევ მინდა გრძელდებოდეს. თუ შესაძლებელია, მოცულობა გაზარდეთ. ძალიან მადლიანი გაზეთია. განსაკუთრებით დიდი ენერგიის მატარებელია უწმიდესის ქადაგებები. ამ გაზეთის მეშვეობით მთელ ერს სწვდება უწმიდესის სიტყვა, ისეთი მადლი მოდის და ისეთი ენერგიით ივსები, რომ საოცარი ძალა გადმოდის შენზე და შინაგანად მუხტი გემატება. ღმერთმა დაგლოცოთ.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის.

2 comments: